ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ერგნეთის
საგუშაგოსთან სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე
აქციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
და გორისა და ცხინვალის დევნილი უნივერსიტეტების სტუდენტები შეუერთდნენ.
სტუდენტებმა აქციაზე ზღაპარ "ცისკარას" თეატრალიზებული წარმოდგენა დადგეს.
სამხედრო ფორმაში გამოწყობილი დევი ცისკარამ დაამარცხა და წყალი ხალხს
დაუბრუნა.
ერგნეთის საგუშაგოსთან მოსახლეობის აქცია გრძელდება - ადმინისტრაციულ საზღვართან დღეს დილიდან ხალხის რაოდენობა იმატებს.
მოსახლეობამ გაშლილ კარვებთან მისვლა დღეს გამთენიისას დაიწყო. მათი
მოთხოვნები უცვლელია - კოკოითის ხელისუფლებამ აღადგინოს წყლის მიწოდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაშლაზე უარს აცხადებენ.
კონფლიქტის ზონაში წუხელ სროლის ხმაც ისმოდა. რამდენიმე წუთის
განმავლობაში ისროდნენ ოსური პოზიციებიდან. სროლის ფაქტს ადასტურებენ
აქციის მონაწილენიც, რომლებმაც ერგნეთთან გაშლილ კარვებში ღამე გაათენეს.
იქ წუხელ კონფლიქტის ზონის 100-მდე მოსახლემ გაათენა ღამე. მათთან გვიან
ღამით მოსალაპარაკებლად ეუთოსა და რუსული სამშვიდობო ძალების
წარმომადგენლები მივიდნენ. თუმცა აქციის მონაწილეებისგან მათ გზის გახსნის
გარანტია არ მიუღიათ. სამშვიდობოებმა კარვების ტერიტორია უკომენტაროდ
მალევე დატოვეს.