ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2024-05-07, 8:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » მაისი » 17 » როგორ შეიცვლება ქართული პოლიტიკა 21 მაისის შემდეგ
როგორ შეიცვლება ქართული პოლიტიკა 21 მაისის შემდეგ
5:20 PM
არჩილ კაიკაციშვილი

საქართველოში ხელისუფლების წყაროა ხალხი. ამიტომაც არავის არ აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება. ხალხი ძალაუფლებაა და ამ ძალაუფლებას რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ახორციელებს, მაგრამ უკანასკნელი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, თუ არ ჩავთვლით 1990-იანი წლების არჩევნებს, ხალხი მიღმა დარჩა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების პროცესისგან. ყველა მმართველობითი დონის არჩევნები საზოგადოების რეალურ მანდატეს არასოდეს გამოხატავდა. შედეგად მივიღეთ ისიც, რომ ქართული საზოგადოების ნდობა არჩევნების მიმართ, ნიჰილისტური გახდა, აქტიურობა კიდევ უფრო ნაკლები, ხოლო ქვეყანაში, სადაც დამოუკიდებლობა უკვე ხელშესახები აღმოჩნდა, საზოგადოების სამართლებრივი განათლების დონე მოუმზადებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება, ყოველთვის დემოკრატიულ პოზიციაზე იდგა. ამის გამოხატულებას წარმოადგენდა 2003 წლის `ვარდების რევოლუცია” და 2007 წლის ნოემბრის გამოსვლები თბილისში. ხალხის პროტესტი ორთავე შემთხვევისას სამართლიანი იყო. თემა: გაყალბებული არჩევნები და თავისუფალი არჩევნები, დღესაც აქტუალურ საკითხად რჩება. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს განასკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საარჩევნო მარათონი დასრულდა, ყველა პოლიტიკური სუბიექტი კი მოლოდინის მდგომარეობაშია. საქართველოს პარლამენტი, რომელიც ქვეყანაში ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებეში, კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, უკვე მერვედ მოიწვევა.
რა ახალი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით 21 მაისის შემდეგ? რა პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდება ქვეყანა? იქნება თუ არა ყველაფერი კონსტიტუციურ ნორმებთან შესაბამისობით განხორციელებული? – ეს დღეს, საარჩევნოდ ყველზე ცხელი კითხვებია. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში და მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებული იქნება დებუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. (100 დეპუტატი) შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოდ, რომ ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 9 ივნისამდე უნდა გაიმართოს. როდის დანიშნავს მას საქართველოს პრეზიდენტი, ეს უკვე მისი კონსტიტუციური უფლებაა. იქნება თუ არა ამ დღეს პრეზიდენტი პარლამენტის სტუმარი, ვარაუდი სათუოა. ოპოზიცია, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება, ამბობს, რომ მათი პირველი ინიციატივა პრეზიდენტის იმპიჩმენტი იქნება. კონსტიტუციის თანახმად, ეს მართლაც შესაძლებელია, რადგანაც საკითხის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს გააჩნია. საკითხი დასკვნისთვის უნდა გადაეცეს, როგორც უზენაეს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოებს. თუ უზნაესმა სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის ქმედობაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა ან საკონსტიტუციო სასამართლომ – კონსტიტუციის დარღვევა, დასკვნის განხილვის შემდეგ, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას, რომ კენჭისყრაზე დაისვას იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენების საკითხი. იმპიჩმენტი განხორციელებული იქნება, თუკი გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა. თუკი 30 დღის ვადაში, პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდები წარდგენა. ეს მაშინაც კი, თუკი სახეზე გვაქვს საგანგებო ან საომარი მდგომარეობა ან ომი. რა სამართლებრივი ბერკეტი რჩება პრეზიდენტს? ხომ არ მოხდება ისე, რომ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას – დაითხოვოს ახლადარჩეული პარლამენტი? რამდენად შესაძლებელია ეს? ცხადია, საქართველოს პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება დაითხოვოს პარლამენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ რეალობაში, როცა 21 მაისს ქართველი ხალხი ახალ პარლამენტს აირჩევს, კონსტიტუციის 51-ე მუხლის 1-ელი პრიმა მუხლით, პრეზიდენტს უფლება არ აქვს დაითხოვოს პარლამენტი, რადგანაც პარლამენტის დათხოვნა არ შეიძლება განხორციელდეს არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამდენად, ახალი პარლამენტის უფლებამოსილების საკითხი შემოდგომამდე ხელშეუხებლად რჩება, ხოლო როგორი პოლიტიკური პროცესის მონაწილენი აღმოვჩნდებით უახლოესი დროის მანძილზე და საითკენ აიღებს ორიენტირს ქართული პოლიტიკა, აუცილებლად გამოჩნდება. მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო ორგანოს აქვს უმნიშვნელოვანესი ბერკეტი არამარტო ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უპასუხოს საგამოძიებო კომისიების შექმნის კუთხით, არამედ საკანონმდებლო ინიციატივების დონეზე. ოპოზიციის პირობა – პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების, საპარლამენტო მმართველობის შემოღებისა და კონსტიტუციის შეცვლის შესახებ, მხოლოდ იდეის დონეზე არ შეიძლება განვიხილოთ. პრეზიდენტი, პარლამენტის წვრთა სრული შემადგენლობის ნახევერზე მეტი და არანაკლებ 200000 ამომრჩეველი – აი, ის სამი სამართლებრივი სუბიექტი, ვისაც კანონიერი უფლება ეძლევა პარლამენტში კონსტიტუციის ან მისი ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტი შეიტანოს. შეძლებს თუ არა ამ კონსტიტუციური უფლებამოსილების პირობებით 6 თვის მანძილზე პრეზიდენტის მხრიდან `დათხოვნას გადარჩენილი” ახალი პარლამენტი ამ სამართლებრივი რესურსის გამოყენებას, უკვე არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. უნდა ვივარაუდოდ, რომ პრეზიდენტს ასეთი საკანონმდებლო ინიციატივის სურვილი არ ექნება, თავად პარლამენტში კი წევრთა ნახევარზე მეტი არის საჭირო, ხოლო რჩება ისევ სახალხო ინიციატივის უფლება. სავარაუდოა, რომ ოპოზიციური სპექტრი, თუკი მათ ინტერესში ამ ცვლილებების დაპირება, მართლაც არ შედის ხალხის ყურადღების მისაქცევად, ისევ 200000 ამომრჩევლის უფლებას გამოიყენებს. ამ შემთხვევაში, პარლამენტის მხრიდან, საკანონმდებლო ინიციატივა საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის ქვეყნდება, ხოლო პარლამენტში მოცემული კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. კონსტუტუციის თანახმად, კონსტუტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუკი მას მხარს დაუჭერს დეპუტატთა სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი. აქ, მთელ ამ პროცესში, არის კიდევ ერთი სამართლებრივი ნიუანსი – ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვევს კონსტიტუციის გადასინჯვის შეჩერებას საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე. აქვე, მნიშვნელოვან პროცედურებს უნდა ველოდოთ ახალ პარლამენტსა და უკვე მრავალჯერ ნდობაგამოცხადებულ მთავრობას შორის, მაგრამ ეს ის შემთხვევა იქნება, როცა პრეზიდენტს არ აქვს უფლება პარლამენტის მიერ მთავრობის უნდობლობისთვის დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ახალი პარლამენტი, რომ დათხოვნილ იქნეს, საჭიროა მისი არჩევიდან 6 თვე გავიდეს. ამდენად, პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას სრული შემადგებლობის უმრავლესობით. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტმა უნდა გადააყენოს მთავრობა. ამასთან, პარლამენტი უფლებამოსილია დადგენილებით აღძვრას მთავრობისთვის უპირობო უნდობლობის გამოცხადების საკითხი. თუ დადგენილების მიღებიდან არა უადრეს 15 და არა უგვიანეს 20 დღისა, პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, პრეზიდენტი გადააყებს მთავრობას. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, მთავრობის უნდობლობის საკითხის დასმა შემდგომი 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია. ასეთია კონსტუტიტუციის მიდგომა და მოთხოვნები.
რა შედეგებით დასრულდება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელი პოლიტიკური ძალა მოიპოვებს საკანონმდებლო ორგანოში კონსტუტუციურ უმრავლესობას, მასზე იქნება დამოკიდებული იმ მთელი რიგი წინასაარჩევნოდ გამხმაურებული კონსტიტუციური ცვლილებების განხორცილება, რომელიც ოპოზიციის ინტერესში შედის. მათ შორის ისეთი საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებაც, როგორიცაა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების საკითხიც, რომელიც თავისისებურებით გამოირჩევა და უფრო მეტ მეცნიერულ მიდგომას და სამართლებრივ დასაბუთებას საჭიროებს, ვიდრე თემის საარჩევნოდ გამოყენებას. 21 მაისს, ექსპერტები, საქართველოში დემოკრატიის გამოცდის დღედ აფასებენ. საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის საერთასორისო ავტორიტეტიც. მაგალითისთვის ბუქარესტის სამიტიც საკმარისია, რომ გავიხსენოთ, სადაც `მაპის” მიუღებლობის ერთ-ერთ ფაქტორად, 21 მაისის დემოკრატიულად ჩატარება დასახელდა.
ხვალ არჩევნებია.
ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთის პირისპირ.



ნანახია: 959 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.5/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz