ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2024-05-07, 4:59 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » ახალი თვითმმართველობა დეცენტრალიზებულ სტრუქტურად ყალიბდება
ახალი თვითმმართველობა დეცენტრალიზებულ სტრუქტურად ყალიბდება
2:43 PM

_ თქვენ აგირჩიეს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად. საინტერესოა, რა სიახლეს გვპირდებით?
_ ამჯერად სტუდენტური თვითმმართველობის დებულებაზე ვმუშაობთ. თვითმმართველობა საქმიანობას დებულების დამტკიცების შემდეგ შეუდგება. დებულება უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ ხმათა ორი მესამედით. მასში გაწერილი იქნება თვითმმართველობის სტრუქტურა, რომელსაც მოვარგებთ ადამიანურ რესურსს. სიახლე გახლავთ ის, რომ ახალი თვითმმართველობა დეცენტრალიზებულ სტრუქტურად ყალიბდება. ბიუჯეტი ფაკულტეტებზე პროპორციულად გადანაწილდება. გამონაკლისი შეიძლება იყოს მედიცინის ფაკულტეტი, რომელსაც ოდნავ ნაკლები ბიუჯეტი შეიძლება ჰქონდეს, რადგან ამ ფაკულტეტზე მხოლოდ 800 სტუდენტი სწავლობს. შეიქმნება დეპარტამენტები, რომლებიც თვითმმართველობის ფუნქციონირებას ყველა მიმართულებით შეუწყობენ ხელს. სიახლეა ისიც, რომ ვაუქმებთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს. ფაკულტეტზე იქნება განყოფილებები, ვთქვათ, კულტურის განყოფილება, სპორტის განყოფილება, ტურიზმის განყოფილება, სტუდენტთა უფლებების დაცვის განყოფილება... ანუ, ძირითადად, ფაკულტეტები ამუშავდებიან.
განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ სტუდენტთა უფლებების დაცვის კუთხით. სწორედ ამ მიზნით ექვსივე ფაკულტეტზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ფაკულტეტზე ყველა დარღვევას აღრიცხავენ და შემდეგ რეაგირებასაც მოახდენენ. გარდა ამისა, პირადად ვაპირებ სამ თვეში ერთხელ უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოზე მოხსენების გაკეთებას სტუდენტთა უფლებების დარღვევის თაობაზე, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა.
ვთვლი, რომ დეცენტრალიზებული მმართველობა, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს თვითმმართველობის წარმატებულ მუშაობას. თუკი აქამდე თვითმმართველობის ხელმძღვანელობამდე ფაკულტეტებიდან ვერ აღწევდა ინფორმაცია სტუდენტთა უფლებების დარღვევის თაობაზე, ეს სიტუაცია შეიცვლება. ჩვენთვის ყველა ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება და, აქედან გამომდინარე, კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებაც აღარ დაიგვიანებს. შედეგად სტუდენტებიც უფრო დაცულად იგრძნობენ თავს.
_ ახალი სტუდენტური თვითმმართველობა 110 წევრით დაკომპლექტდა. თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეულ ცვლილებებს აპირებთ. იგეგმება თუ არა სტრუქტურის რეორგანიზაცია?
_ ჩვენ ვაუქმებთ სტუდენტურ პარლამენტს. მის ფუნქციას მთლიანად შეასრულებს საერთო კრება. ჩემი წარდგინებით ვიცე-პრეზიდენტებსაც საერთო კრება დაამტკიცებს, ისევე როგორც ჩვენს დებულებას.
_ სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტთა თვითრეალიზებასა და თავისუფალი დროის სწორად ხარჯვაზე უნდა იყოს ორიენტირებული. საინტერესოა თქვენ რა ღონისძიებებს გეგმავთ?
_ მიმაჩნია, რომ კულტურის სფერო არის ასაღორძინებელი. ვთვლი, რომ წინა თვითმმართველობამ ამ თვალსაზრისით ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა. ჩვენ გვინდა ტრადიაციად იქცეს `სტუდენტური დღეების~ აღნიშვნა. აუცილებელია ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ,,სტუდენტური დღეების” ეგიდით მოეწყოს კვირეული, რომელზეც სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად ჩვენი უნივერსიტეტიც წარმოადგენს საკუთარ შემოქმედებას. ბოლო 3 წელია უნივერსიტეტში `სტუდენტური დღეები~ არ გამართულა, ამიტომ ვფიქრობთ, მომავალი წლიდან მაინც აღდგეს ეს ტრადიცია.
სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ უნივერსიტეტს არ ჰყავს მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. ჩვენ ოქტომბრიდან ვაპირებთ შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატის მოწყობას, რათა უნივერსიტეტის გუნდის ჩამოსაყალიბებლად შევარჩიოთ საუკეთესონი. ამ სფეროში მოღვაწე ცნობილი სახეები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და ჩვენს სცენაზე გაზრდილები არიან, ამდენად ამ ტრადიციის გაგრძელებასაც ჩვენ უნდა ჩავუყაროთ საფუძველი.
დიდ ყურადღებას დავუთმობთ ჩვენს ეროვნულ ფოლკლორს, ტრადიციებს, ფასეულობებს.
3 თვეში ერთხელ ექვსივე ფაკულტეტს დაევალება საქველმოქმედო აქციების ორგანიზება. დავეხმარებით ბავშვთა სახლებს, მათ მკვიდრთ ერთი დღით მაინც გავულამაზებთ ცხოვრებას და ვაჩუქებთ ბედნიერ წუთებს.
_ რა პრობლემებზე საუბრობენ სტუდენტები? საინტერესოა, თუ ეცნობით მათ წინადადებებს და როგორ აპირებთ მათთან ურთიერთობას?
_ ჩვენ გვსურს დავამკვიდროთ ახალი წესი: 6 თვეში ერთხელ ჩავატარებთ სოციოლოგიურ გამოკითხვას ექვსივე ფაკულტეტზე და რეალურად გავარკვევთ, თუ რა უჭირს და რა ულხინს სტუდენტობას, როგორ აფასებენ ისინი თვითმმართველობის საქმიანობას, რა შენიშვნები აქვთ, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ.
გარდა ამისა, წლის ბოლოს თვითმმართველობა ფაკულტეტების მიხედვით შეხვდება სტუდენტებს, მოისმენს მათგან შენიშვნებს, შეფასებებს, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ.
_ რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას ხელისუფლება მართავს, თქვენ როგორ პასუხს გასცემდით? პოლიტიკისგან თუ აპირებთ დისტანცირებას?
_ ვფიქრობ, თვითმმართველობა პოლიტიკაში არ ჩაერევა _ ამას ყველანაირად ვეცდებით. ერთი რამ ცალსახაა _ უნივერსიტეტის ფარგლებში სტუდენტური თვითმმართველობა თავის პოლიტიკურ პოზიციებს საჯაროდ არ დააფიქსირებს, თუმცა ნებისმიერ თვითმმართველობის წევრს უნივერსიტეტს კედლებს გარეთ თავისი აზრის გამოთქმას ვერავინ დაუშლის. მთავარია, სტუდენტებმა ამ თემით არ ისპეკულირონ.
_ თუ აპირებთ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას?
_ ჩვენ იმ შემთხვევაში ჩავერევით პოლიტიკურ პროცესებში, თუკი დღის წესრიგში დადგება სახელმწიფო ინტერესი. თუკი აფხაზეთს, თუკი ოსეთს დასჭირდება ჩვენი გვერდში დგომა, ჩვენ აუცილებლად ვიდგებით აფხაზეთის და ოსეთის სადარაჯოზე. მავანმა თუნდაც ლეიბორისტი ან ნაციონალი გვიწოდოს, ჩვენ ქართულ საქმეს სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად მაინც გავაკეთებთ.
_ სტუდენტურ თვითმმართველობაში ,,ერთიან სტუდენტურ მოძრაობას”, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ფაქტობრივად არ ჰყავს კონკურენტი სტუდენტური მოძრაობა. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ოპოზიციური ფრთა, რომელიც გააკონტროლებდა თქვენს საქმიანობას?
_ კონკურენტები, პრინციპში, გვყავს, ოღონდ ძალიან ცოტა, მაგრამ თვით სტუდენტობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით უმრავლესობაში.
ჩვენს კონკურენტებს – თვითმმართველობის წევრები იქნებიან ისინი თუ არა, თუკი რაიმე სახის შენიშვნა ექნებათ, აუცილებლად გავითვალისწინებთ, მათ წინადადებებსა და რეკომენდაციებს ანგარიშს გავუწევთ. ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბარი უსაფუძვლოა. მე, პირადად, ყველასთან უშუალო ვიქნები, ყველას შევხვდები და ყველას მივიღებ. მე მხოლოდ კოორდინაციას გავუწევ თვითმმართველობის საქმიანობას, ყველა გადაწყვეტილებას კი ერთობლივად მივიღებთ.
სტუდენტური თვითმმართველობის კარი ყველასთვის ღია იქნება, ანუ ყველას ექნება საქმის კეთების შესაძლებლობა.
როგორც კი დებულება დამტკიცდება და სტრუქტურაც ჩამოყალიბდება, მუშაობას დავიწყებთ. ამ ყველაფერს ოქტომბრიდან ვგეგმავთ, რადგან მალე დასვენების პერიოდი იწყება. ზაფხულში, ერთადერთი, რასაც ვაპირებთ, ეს სტუდენტების პატრიოტულ ბანაკებში გაშვებაა.
_ საინტერესოა, როგორ აპირებთ თქვენი საქმიანობის პროპაგანდას, რათა მოიცვათ უფრო მეტი სტუდენტი? თქვენი წინამორბედი ორგანიზაცია სტუდენტთა პასიურობაზე არაერთ კომენტარს აკეთებდა ხოლმე. თქვენ როგორ აპირებთ მათ დაინტერესებასა და გააქტიურებას?
_ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სტუდენტებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეთ თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ. წინა თვითმმართველობის მუშაობით შესაძლოა სტუდენტები კმაყოფილნი არ იყვნენ სწორედ იმის გამო, რომ ადრე სტუდენტური თვითმმართველობა ცენტრალიზებული ორგანო იყო. ფაკულტეტებზე აქცენტის გადატანით სტუდენტისთვის თვითმმართველობას ხელმისაწვდომს გავხდით. ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და შეხვედრები სტუდენტებთან, ვფიქრობ, გაზრდის ჩვენი ორგანიზაციის პოპულარობას, რაც განაპირობებს საკმაოდ მაღალ რეიტინგს მომავალში.









































ნანახია: 882 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 1
1 admin  
0
wacko wacko

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz