თსუ-ს ბაზაზე უკვე 2 თვეზე მეტია დაფუძნდა სამეცნიერო-კვლევითი ორგანო "ისრაელის ცენტრი." ეს დაწესებულება უკვე ერთი წელია არსებობს, თუმცა ის ცნობილი იყო, როგორც ებრაული კულტურისა და იუდაისტიკის კაბინეტი, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათA ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების კათედრაზე ფუნქციონირებდა. თავის დროზე ამ ცენტრის დაარსება "ებრაული სააგენტოს - ისრაელისათვის" (ე.წ. "სოხნუთი") ძალისხმევით მოხდა, ხოლო მიმდინარე წელს კი კაბინეტი განახლდა და თანამედროვედ მოეწყო საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ და მან დამოუკიდებელი ცენტრის სტატუსი მოიპოვა, თუმცა ის გარკვეულწილად მაინც უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია, რადგან მის ბაზაზე ფუნქციონირებს. ისრაელის ცენტრის მიზანია მოახდინოს ებრაული კულტურის, ტრადიციების, ისტორიის, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მიღწევების მაქსიმალური პროპაგანდა. ამ მიზნით, ცენტრი უკვე აქტიურად მუშაობს, როგორც სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ასევე საგანმანათლებლო პროექტების სახით. ცენტრის ეგიდით უკვე გამოიცა რამდენიმე კრებული, რომელიც, სწორედ ისრაელის სახელმწიფოს კულტურულ ისტორიას მიმოიხილავს. უახლოეს მომავალში იგეგმება ისრაელისა და შეერთებული შტატების წამყვანი პროფესორების ვიზიტი თსუ-ში საჯარო ლექციების გასამართავად, რომელთა თემატიკაც მხოლოდ ისრაელს შეეხება. ცენტრის ხელმძღვანელის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, სრული პროფესორის, ბატონი გურამ ლორთქიფანიძის განცხადებით, საწყის ეტაპზე მათ ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკელ ებრაელთა საერთაშორისო ასოციაცია - "ჯოინთი" უწევს, რომელიც ცენტრის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და მის უშუალო პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს. სამეცნიერო საბჭოს, ასევე წარდგენილი აქვს საგრანტო განაცხადი სამთავრობო დაფინანსების მოსაპოვებლად და სავარაუდოდ, სამომავლოდ ეს ორგანო სწორედ საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდება. რაც შეეხება, საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემს - ბატონი გურამის თქმით, მისი წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ ცენტრს და ყველა იმ პროექტის შესახებ არიან ინფორმირებულნი, რომელსაც ცენტრი ახორციელებს. ჯერჯერობით, არ არის ენის შემსწავლელი კურსები, მაგრამ უახლოეს მომავალში, შესაძლოა რაიმე ტიპის ენის შემსწავლელი სკოლა სწორედ აღნიშნული ცენტრის ბაზაზე დაარსდეს. ცენტრში მცირე რაოდენობის თანამშრომლები არიან დასაქმებულნი, თუმცა ბატონი გურამი იმედოვნებს, რომ დაფინანსების გაზრდასთან ერთად მოხდება საშტატო ერთეულების მომატებაც და მთლიანად ცენტრის გაფართოება ყველა ასპექტით. ამჟამად ისრაელის ცენტრი ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, მას აქტიურად მხარში უდგანან ისრაელის საელჩო და ებრაული სააგენტო ისრაელისათვის, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს. იმედია უახლოეს მომავალში ისრაელის ცენტრი ფართოდ გაშლის საკუთარ მუშაობას და აქტიურად მოახდენს ისრაელის სახელმწიფოს პოპულარიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.