ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 5:49 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 22 » წლის მოლოდინი - საქართველოში საერთო სამაგისტრო გამოცდები იწყება
წლის მოლოდინი - საქართველოში საერთო სამაგისტრო გამოცდები იწყება
1:17 PM

2009 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები მაგისტრატურაში სტუდენტებს ახალი წესით მიიღებენ. სამაგისტრო პროგრამების გავლის მსურველებს საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ამ თემაზე უფრო ვრცლად სასაუბროდ გამოცდების ეროვნული ცენტრის სამაგისტრო ჯგუფის ხელმძღვანელს, ბატონ მიშა მანიას, მივმართეთ.  
_ ბატონო მიშა, როდისაა დაგეგმილი პირველი საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარება?
 _ პირველი საერთო სამაგისტრო გამოცდა 2009 წლის ზაფხულში, ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ ჩატარდება.
_ რა პერიოდულობით ჩატარდება სამაგისტრო გამოცდები?
_ სამაგისტრო გამოცდები ჩატარდება წელიწადში ერთხელ, ზაფხულობით, თუმცა ამ გამოცდების შედეგების გამოყენება სტუდენტებს შეეძლებათ სხვა დროსაც, მაგალითად, ზამთარში ან გაზაფხულზე გამოცხადებული სამაგისტრო პროგრამებისთვის.
_ რა სახის იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა?
_  საერთო სამაგისტრო გამოცდა იქნება ორდღიანი და ჩატარდება სტანდარტიზებული ტესტის სახით, რომელშიც იქნება ოთხი ნაწილი: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკა და რაოდენობრივი მსჯელობა. პირველ დღეს კანდიდატები შეასრულებენ წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის დავალებებს, ხოლო მეორე დღეს – ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებს.
_ რითი განსხვავდება საერთო სამაგისტრო გამოცდა აბიტურიენტებისათვის სავალდებული ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტისგან?
_  პირველი განსხვავება ისაა, რომ სამაგისტრო გამოცდის ტესტში მეოთხე კომპონენტად დამატებულია ანალიტიკური წერა, რაც არ შედის ზოგადი უნარების ტესტში. გარდა ამისა, ცალკეა გამოყოფილი ლოგიკის კომპონენტი. მათემატიკურ ნაწილში განსხვავებულია დავალებათა ტიპები. ძნელია იმის თქმა, რომელი გამოცდა უფრო რთულია. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შესაძლებლობების ნაკადზეა გათვლილი ტესტი. საგამოცდო ცენტრი ყოველწლიურად ატარებს უამრავ სააპრობაციო ტესტირებას, რომელთა შედეგების მიხედვითაც ვადგენთ საბოლოო გამოცდის სირთულის დონეს. ვფიქრობ, საერთო სამაგისტრო გამოცდების სირთულე თანდათან გაიზრდება, რადგან, ლოგიკურია, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძალების მსურველებმა გაცილებით რთული ტესტი უნდა დაწერონ, ვიდრე ბაკალავრიატში შემსვლელებმა.
_ საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარდა, კიდევ რა პროცედურების გავლა მოუწევთ მაგისტრატურაში სწავლის მსურველებს?
_  შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ ორგანიზებული სამაგისტრო გამოცდის გარდა, კანდიდატებს მოუწევთ, ჩააბარონ თვითონ სასწავლებლების მიერ დაწესებული გამოცდები სპეციალობასა თუ სხვა საგნებში. ამდენად, საერთო სამაგისტრო გამოცდა არის მაგისტრატურაში ჩარიცხვის პროცესის აუცილებელი, მაგრამ არა ერთადერთი გადამწყვეტი კომპონენტი.
 საერთო სამაგისტრო გამოცდას აქვს ორი ფუნქცია: პირველი _ გამორიცხოს ის სტუდენტები, რომლებიც არ არიან მზად მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებისთვის; ამისათვის გამოცდების ეროვნული ცენტრი აწესებს სამაგისტრო ტესტის თითოეულ კომპონენტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს და თუ აპლიკანტმა ვერ გადალახა ეს ზღვარი სამ კომპონენტში მაინც, მას არ მიეცემა მაგისტრტურაში სწავლის გაგრძელების უფლება. მეორე ფუნქციაა, დაეხმაროს უმაღლეს სასწავლებლებს მაგისტრანტების შერჩევაში; შეფასების ცენტრი მათ აწვდის აპლიკანტის მიერ თითოეულ კომპონენტში დაგროვებულ ქულებს
ცალ-ცალკე. სამაგისტრო პროგრამის მესვეურები დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა კოეფიციენტს მიანიჭებენ საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ნაწილს.
_ აპლიკანტის საბოლოო შეფასების რა ნაწილს შეადგენს საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა?
_  ეს საკითხი ჯერჯერობით არაა საბოლოოდ გადაწყვეტილი. ჩვენი რეკომენდაცია უმაღლესი სასწავლებელების მიმართ კი ასეთია: საერთო სამაგისტრო გამოცდას მთლიანი შეფასების 40% მიენიჭოს, დანარჩენი 60% კი გადანაწილდეს ფაკულტეტის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე. სპეციალობის გამოცდას დაეთმოს არანაკლებ
40%-ისა, ხოლო 20% იყოს დამატებითი გამოცდის ქულები.
_ ხომ არ გეგმავთ, საერთო სამაგისტრო გამოცდებს დაუმატოთ რომელიმე საგნობრივი გამოცდა, მაგალითად, გამოცდა უცხო ენაში?
_  ჯერჯერობით  მაგაზე საუბარი არ არის. უცხო ენის გამოცდის ჩატარების უფლება მივანიჭეთ თვითონ ფაკულტეტებს.

_ ვრცელდება თუ არა საერთო სამაგისტრო გამოცდები სხვადასხვ ინსტიტუტისა თუ სამეცნიერო ცენტრის სამაგისტრო პროგრამებზე?
 _ თუ მათ გავლილი აქვთ აკრედიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მაშინ მათს სამაგისტრო პროგრამებზეც გავრცელდება ერთიანი გამოცდები.
_ სამაგისტრო პროგრამებზე აპლიკანტთა მიღების ასეთი მოდელი თუ მოქმედებს რომელიმე ქვეყანაში?
_ საერთო სამაგისტრო გამოცდა არის ამერიკული GღE-ისა და  GMAთ-ის ტიპის ტესტი მცირეოდენი განსხვავებით. ევროპაში ასეთი მოდელები არ მოქმედებს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ქვეყნის ცაკლეულ რეგიონებს.
_ ვინ იღებს მონაწილეობას საერთო სამაგისტრო გამოცდების ორგანიზებასა და ტესტების შედგენაში?
  _  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა სამაგისტრო გამოცდების შვიდკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 2 ფილოლოგი,
2 ფსიქოლოგი და 3 მათემატიკოსი, მათ შორის 1 ლოგიკის სპეციალისტია.
_ როგორ გასწორდება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი?
_ ანალიტიკური წერის ნაწილს გაასწორებენ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის გამსწორებლები, რადგან მათ უკვე აქვთ მსგავსი გამოცდილება. შეფასების პროცედურა ეროვნული გამოცდების ანალოგიური იქნება. დავალებას ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეაფასებს ორი გამსწორებელი, თუ მათი შეფასებები არ იქნება ერთნაირი, ამ დავალებას კომისია განიხილავს. ტესტის დანარჩენ ნაწილს კი კომპიუტერი მექანიკურად გაასწორებს.
_ ხომ არ იგეგმება საერთო სამგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით მაგისტრანტებისათვის სახელმწიფო დაფინანსების გაცემა?
_  მაგ კითხვაზე განათლების სამინისტროსგან პასუხი ჯერჯერობით ვერ მივიღეთ. როგორც ბოლოს გვითხრეს, 2009 წელს დაფინანსება არ იქნება, თუმცა გვპირდებიან, რომ 2010 წლიდან უკვე გაიცემა მაგისტრანტებისათვის სახელმწიფო გრანტები.
_ რა სახის გრანტებს მიიღებენ მაგისტრანტები, იქნება ეს ნაწილობრივი თუ სრული დაფინანსება?
_ სავარაუდოდ, იქნება ორივე სახის გრანტი. ზოგიერთი მაგისტრანტი მიიღებს სრულ დაფინანსებას, ზოგი კი ნაწილობრივს.

ნანახია: 2373 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.8/4 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz