ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2024-04-28, 10:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 22 » სტუდენტური დასაქმება – ტერმინად ქცეული პრობლემა
სტუდენტური დასაქმება – ტერმინად ქცეული პრობლემა
1:22 PM
ჩვენს ქვეყანაში, თანდათან წარსულს ბარდება დრო, როდესაც სტუდენტის მიერ სამსახურის დაწყებას საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად უყურებდა. ნელ-ნელა ხდება დასავლური ქვეყნების მიერ დანერგილი თეზისის გაზიარება: პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის სწავლის პერიოდში თეორიული ცოდნის გარდა, საჭიროა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაც. თუმცა მოცემული ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც სტუდენტური დასაქმება მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ნაწილადაა ქცეული, ხორციელდება არა ერთი პროგრამა, სადაც დამსაქმებლებად, როგორც სახელმწიფო და უმაღლესი სასწავლებლები, ასევე კერძო სექტორში მომუშავე პირები გამოდიან (რომ არაფერი ვთქვათ ინტერნეტ-კომპანიებზე, რომელთა მიერაც შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდები ამ მიმართულებით) და შესაბამისად, სტუდენტს ადვილად შეუძლია სამუშაოს მოძიება, საქართველოში მუშაობის დაწყება გაცილებით რთულია.
   2008 წლის ოქტომბერში, სტუდენტური გაზეთ “ტსუ ტიმეს”-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში სტუდენტთა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია: ყოველი 100 სტუდენტზე საშუალოდ 27 (გამოიკითხა თბილისის სახელმწიფო, სამედიცინო, პოლიტექნიკური უნივერსიტეტებისა და კავკასიის ბიზნეს სკოლის 100 სტუდენტი). ასეთი დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია, როგორც დასაქმების სექტორში არსებული რთული ვითარებით, ისე მთელი რიგი სხვა პრობლემებით.
  უმთავრესი პრობლემა დასაქმების ერთიანი სისტემის უქონლობაა. გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე, სამუშაოს შესახებ სტუდენტთა 56% სასწავლებელში, 26% - ინტერნეტიდან, 18% კი მეგობრებისაგან, გაზეთებიდან და სხვა წყაროებიდან იგებს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მხოლოდ ერთეული უნივერსიტეტები ახდენენ საკუთარი სტუდენტების პროფესიული კუთხით დასაქმების უზრუნველყოფას. რაც შეეხება ინტერნეტს: ჩვენში, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, არ არსებობს არც ერთი სპეციალური საიტი, რომელიც მხოლოდ სტუდენტური დასაქმების შესახებ განცხადებების გამოქვეყნებით იქნება დაკავებული. შესაბამისად, საჭირო ხდება სამუშაოს ძებნა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებათა თუ კერძო ფირმების საიტებზე, რაც საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართველი სტუდენტებისათვის სამუშაოს მოძიება საკმაოდ რთულია. დასაქმების ერთ-ერთ ალტერნატივას წარმოადგენს საკუთარი ინიციატივით მიმართვა სხვადასხვა დაწესებულებისადმი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მიმართვიდან პასუხის მიღებამდე შესაძლოა რამდენიმე თვე გავიდეს, ხოლო შემოთავაზებული სამუშაო გრაფიკი არ იყოს ხელსაყრელი სტუდენტისათვის.
 მნიშვნელოვან სირთულეს ქმნის ასევე სასწავლო და სამუშაო დროის შეუთავსებლობა. გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მუშაობის დაწყების დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ გამოძებნა ისეთი სამუშაო, რომელსაც წარმატებით შეუთავსებდა სწავლას. იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებმაც თავი დაანებეს სამუშაოს მოცემული პრობლემის გამო, გამოკითხულთა 13% შეადგენს. გამოკითხულ დასაქმებულთა 22%-ს კი სწავლისა და მუშაობის შეთავსება უჭირს. პრობლემას ძირითადად ქმნის მყარი სამუშაო გრაფიკის  ქონა, რომელიც სწავლის გრაფიკს მეტ-ნაკლებად ემთხვევა. ამასთანავე დასაქმებულ სტუდენტთა საშუალოდ 11%-ს სამსახურში არ უწევენ შეღავათს სასწავლებელთან დაკავშირებით. გამოკითხულთაგან მხოლოდ 12 სტუდენტს აღმოაჩნდა მუშაობის ე.წ. “მცოცავი გრაფიკი”, რომელიც სწავლისაგან თავისუფალ დროს მუშაობის შესაძლებლობას იძლევა (აქედან 10 თსუ-ს იურიდიული ბიბლიოთეკის თანამშრომელია). პრობლემას ქმნის სამუშაო დროის ხანგრძლივობაც. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სტუდენტი დღეში 5 სათზე მეტს არ უნდა მუშაობდეს, დასაქმებულ სტუდენტთა 22% კი მოცემულ დროზე მეტს მუშაობს.
  დასაქმებულთაგან 67% კმაყოფილია სამუშაო პირობებით. 25% - არც თუ ისე კმაყოფილი, ხოლო 7% - უკმაყოფილო. უკმაყოფილება ძირითადად გამოწვეულია შეღავათების არ ქონით. უკმაყოფილების მიზეზთა შორის შემდგომ ადგილზეა დაინტერესების არ ქონა შესასრულებელი სამუშაოს მიმართ (გამოკითხულთა გარკვეულმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ფინანსური ინტერესის გამო მუშაობს, მაგრამ არა საკუთარი პროფესიით). მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 60%-ს III-IV კურსელები შეადგენენ, საკუთარი პროფესიით დასაქმებულ სტუდენტთა რაოდენობა მხოლოდ გამოკითხულთა 12%-ია.
  ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გამოკვლევის შედეგებზეც აისახა. აღმოჩნდა, რომ დასაქმებულ და წარსულში დასაქმებულ სტუდენტებს სამუშაოს დაწყებისას პირველ რიგში ფინანსური ინტერესი ამოძრავებდათ (23%). მხოლოდ შემდგომ მოდის პროფესიული სრულყოფა (16%), ახალი ადამიანების გაცნობის სურვილი (11%) და სხვა ინტერესები (მოცემულ სტუდენტთა უმრავლესობას ამოძრავებდა ერთზე მეტი ინტერესი, თუმცა როდესაც სახეზე იყო ერთი ინტერესი, ეს უკავშირდებოდა ფინანსებს). გამოკითხვამ აჩვენა, რომ დასაქმებულ სტუდენტთა 7%-ის საშუალო თვიური ხელფასი 100 ლარზე ნაკლებია, 56%-ისა – 100-300 ლარს შეადგენს, ხოლო დარჩენილი 37%-თვის ეს თანხა 300 ლარზე მეტია.
  საბოლოოდ, საკმაოდ მცირეა სახელმწიფოს როლი სტუდენტურ დასაქმებაში: საშუალოდ ყოველ 100 სტუდენტზე 7(შედარებისთვის: კერძო ფირმებისათვის ეს მაჩვენებელი საშუალოდ 100 სტუდენტზე 27-ს შეადგენს), მაშინ როდესაც იქ დასაქმების სურვილი გამოკითხულთა 33%-მა გამოთქვა. შეკითხვას: “თქვენი აზრით, ვინ უნდა ზრუნავდეს სტუდენტების დასაქმებაზე?” გამოკითხულთა 63%-მა გასცა პასუხი “სახელმწიფო”. გამოკითხულმა სტუდენტებმა ისურვეს, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში (ან სამინისტროთა მიხედვით, ან ერთიანად – განათლების სამინისტროს სისტემაში) ჩამოყალიბდეს სტუდენტური დასაქმების ცენტრი, რომელიც შეაგროვებდა ინფორმაციას საქართველოს მასშტაბით, დააკვალიანებდა სამსახურის დაწყების მოსურნე სტუდენტებს და ამით ხელს შეუწყობდა ახალგაზრდა კადრების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.
  მართალია, ზემოჩამოთვლილი სირთულეების ერთბაშად გადაჭრა შეუძლებელია, მაგრამ სტუდენტური დასაქმების სფეროში დღეს არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაზე ზრუნვა აუცილებლად უნდა დაიწყოს. დასაწყისისთვის კარგი იქნებოდა შექმნილიყო ვებ-საიტები, ან უნივერსიტეტების ვებსაიტზე გაკეთებულიყო დამატებები, სადაც განთავსდებოდა სტუდენტური სამუშაოების შესახებ განცხადებები. ამასთანავე, სასურველი იქნებოდა, თუ თავად უნივერსიტეტები შესთავაზებდნენ სტუდენტებს მათ სასწავლო გრაფიკთან შეთავსებად გარკვეულ სამუშაოებს (დღესდღეობით მსგავსი სამუშაო მხოლოდ თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა შემოთავაზებული). დასასრულს, კარგი იქნებოდა, თუკი სახელმწიფო მეტ ყურადღებას მიაქცევდა სტუდენტურ დასაქმებას და სხვადასხვა დასაქმების პროგრამებით, დასაქმების ცენტრის შექმნით ან მსგავსი ღონისძიებებით ხელს შეუწყობდა ახალგაზრდა კადრების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.
ნანახია: 2647 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.6/9 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz