_ როგორი წელი იყო შენთვის 2008 წელი? _ წელს გავიმარჯვე ჩვენი ოფისის კასტინზე, სადაც საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო, დაახლოებით 900 კაცი იღებდა კონკურში მონაწილეობას. ამიტომ, ვთვლი, რომ, პირადად ჩემთვის, ძალიან კარგი წელი იყო. _ რა შეცვალა `ჩვენმა ოფისმა~ შენს ცხოვრებაში? _ ამ სერიალმა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. მსახიობობაზე სერიოზულად არ ვფიქრობდი. უფრო საქმიანი გავხდი, რაც ძალიან მომწონს. ბევრი ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი, მაგრამ გადაღებების გამო, უნივერსიტეტში პროგრამირებიდან დროებით გადავედი გეოგრაფია ტურიზმზე. მომავალ წელს, თუ სიარულის საშუალება მქონდა, ალბათ, ისევ პროგრამირებაზე გადავალ. _ უნივერსიტეტში რა შეიცვალა შენთვის სერიალის შემდეგ? _ უნივერსიტში ყველა მეხმარება, რითაც შეუძლიათ. კურსელებიც, ლექტორებიც რაღაც შეღავათებს მიკეთებენ, დიდს ვერაფერს, მაგრამ ეგეც კარგია ჩემთვის. _ რას ელოდები 2009 წლისაგან? _ მინდა, რომ მეტს მივაღწიო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვნახოთ, სერიალის საქმე როგორ გაგრძელდება. თან კინოსაც ვიღებთ და შეფასებებს ველოდები. _ ახალ წელთან რა დამოკიდებულება გაქვს და როგორ ემაზდები ხოლმე ამ Dდღისთვის? _ ახალი წელი მიყვარს ძალიან, რამდენიმე დღით ადრე ჩუმად მივდივარ ხოლმე და ჩემი ოჯახის წევრებსთვის და მეგობრებსთვის საჩუქრებს ვყიდულობ. თავის მხრივ, ისინიც მჩუქნიან ხოლმე და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ჩემ საჩუქრებს. ყველაზე მეტად მაშინ მიხარია, როცა ვინმეს რაღაცით ვახარებ. სხვა რომ ბედნიერია, მე უფრო ბედნიერი ვარ. _ თოვლის ბაბუა თუ დადიოდა შენთან? ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი რა მოუტანია? _ ძალიან დიდი ხანი მეგონა, რომ თოვლის ბაბუა არსებობდა. დედაჩემი სულ გვჩუქნიდა საჩუქრებს. ნაძვის ხის ქვეშ ისე აწყობდა, რომ ჩვენ ვერ ვხედავდით. ახალი წლის დილით ერთი სული გვქონდა გვენახა რა დაგვხვდებოდა, თან დედა გვეუბნებოდა თუ კარგად ისწავლი და კარგად მოიქცევი, არც ცუდ სიტყვებს იტყვი, თოვლის ბაბუა მოგიტანს იმას, რაც შენ გინდაო და მართლაც რაც მინდოდა ის მოჰქონდა. ამის წყალობით, დღემდე არ ვხმარობ ცუდ სიტყვებს. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, რომ გავიღვიძე და ნაძვის ხესთან ველოსიპედი დავინახე. ძალიან გამიხარდა, ალბათ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო მაგ დროს. თან მაგ პერიოდში არ იშოვებოდა ასეთი ველოსიპედები. ესაუბრა ნინო გელაშვილი