ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 5:43 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » ყოველთვის მირჩევნია ქუჩაში შევხვდე ახალ წელს, მივულოცო ხალხს და მათგანაც მივიღო მილოცვები.
ყოველთვის მირჩევნია ქუჩაში შევხვდე ახალ წელს, მივულოცო ხალხს და მათგანაც მივიღო მილოცვები.
9:46 PM
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი აქტიური სახე კობა ხაბაზი გულწრფელი მოსაუბრე აღმოჩნდა. ჩვენი საუბარი პოლიტიკური პროცესების შეფასებით არ დაწყებულა. ამ თემით, ჩვენი საზოგადოება, ისედაც გადაღლილი და დაძაბულია. ამიტომაც კიდევ ერთი პოზიცია, თუნდაც ხელისუფლების ცნობილი სახის მხრიდან, ამ წინასაახალწლოდ, საჭიროდ აღარ მივიჩნიეთ. კობა ხაბაზსს წინასაახალწლო თემაზე გავესაუბრეთ. გვაინტერესებდა, როგორი იყო ცნობილი პარლამენტარის და მაჟორიტარი დეპუტატის (ქობულეთის რაიონიდან) წინასაახალწლო ტრადიცია, როგორ ხვდება ბატონი კობა 2009 წელს, რომელი ახალი წელი იყო მისთვის ყველაზე ღირსახსოვარი და რატომ?! საუბარი, მიუხედავად ინტერვიუს ძირითადი ხაზისა, მაინც შეფასებებით დავიწყეთ.
   _ ბატონო კობა, გვითხარით, როგორი იყო 2008 წელი თქვენთვის?
- 2008 წელი იყო ძალიან საინტერესო, გამომდინარე იქედან, რომ ამ წელში იყო, ასე ვთქვათ, სიმბოლურად, არაერთი არჩევნები. ჩატარდა საპრეზიდენტო, საპარლამენტო, აჭარის უმაღლესი საბჭოს, გამოკლებული დეპუტატების ნაცვლად არჩევნები. Gგარდა ამისა, განხორციელდა რუსეთის აგრესია, გვყავს უამრავი დევნილი და ა.შ. ალბათ, ყველაზე უფრო მღელვარე წელი იყო ჩვენთვის, იყო სიძნელეები, იყო რთული პერიოდები. ალბათ ერთ-ერთი  ყველაზე უფრო რთული წელი იყო ჩვენს ცხოვრებაში. არის ასეთი მოთხრობა `და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე” და მე შემიძლია ვთქვა: ეს წელი იყო უფრო გრძელი, ვიდრე წუთისოფელი.  ბევრი  ადამიანი მთელი წელი ვერ გაივლის იმას, რაც ჩვენ ამ ერთ წელში გავიარეთ.
_მოდით გადავიდეთ უფრო მხიარულ თემებზე, რასთან ასოცირდება თქვენთვის ახალი წელი?    
ახალ წელთან (იღიმება)... ძველი წელი დასრულდა, მოდის ახალი წელი სიახლეებთან ერთად. თვითონ სახელწოდებაც “ახალი” გულისხმობს იმას, რომ უნდა შევხვდეთ სიახლეებს. გრიგოლ რობაქიძის სიტყვებს მოვიშველიებ: “წარსული უნდა ჩააბარო წარსულს და უნდა იცხოვრო ახლით და მომავლით”. ჩემთვის ახალი წელი არის ძველის დასრულება და ახალი წლის დაწყება.
_რამდენად ხართ გურმან
არანაირად. ამ მხრივ ალბათ ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში ვარ. ჩემი კვება მაქსიმუმ 3-4 წუთს გრძელდება. კვება ჩემთვის სიამოვნება კი არაა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ენერგიის მიღების წყაროა. მაქსიმალურად, სწრაფად ვჭამ, რათა სწრაფად მოვრჩე, გავიქცე და სხვა საქმე გავაკეთო.
_საყვარელი სადღეგრძელო მაინც გექნებათ...
10 წლის განმავლობაში სულ სამჯერ დავლიე... ალკოჰოლზე მაქვს ტოქსიკოზი და ძალიან ნაკლებად ვსვამ. შესაბამისად, თამადადაც არ `ვვარგივარ.” ამიტომ ძირითადად სხვას ვუსმენ. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ბანალური სადღეგრძელოები იციან... ისიც კი ვიცი, თამადა რა სადღეგრძელოზე რა ლექსს იტყვის (იღიმება)... თუმცა არსებობს ორიგინალური გადახვევები, მაგალითად ჩემი ერთ-ერთი ბიძა შესანიშნავად უძღვებოდა სუფრებს. მას ჰქონდა თხრობის განსაკუთრებული მანერა. მან იცოდა, ჯერ რაიმე ამბის მოყოლა და შემდეგ ამბობდა სადღეგრძელოს. ამ ადამიანის მოსმენა მართლა მიყვარდა. მასთან დაკავშურებით კურიოზსაც მოგიყვებით: კომუნისტების პერიოდია, მოსკოვიდან ქობულეთში ჩამოსულია მშენებლობის მინისტრი და ბიძაჩემს დაევალა სუფრის გამზადება. რა თქმა უნდა, გაიშალა ტრადიციული ქართული, დატვირთული სუფრა. თამადაა ბიძაჩემი. მინისტრმა გადახედა სუფრას და ასეთი შენიშვნა მისცა: ძალიან მდიდრულად ცხოვრობთო. ბიძაჩემმა ძალიან მოკლე და კონკრეტული პასუხი გასცა: ჩემს ოჯახში ქათამი, რომ დაკლან ან მე უნდა ვიყო ავად ან ქათამიო, სტუმრის პატივისცემა ვიცით და არფერს არ ვაკლებთ, თქვენნაირი `მამაძაღლები” და `გაფუჭებულები” კი არ ვართო (იცინის).

    _როგორია თქვენი ოჯახის ტრადიცია, როგორ და სად ხვდებით ახალ წელს?
სხვადასხვანაირად. იყოფა პერიოდები, მაგალითად ახალგაზრდობაში მეგობრებთან ერთად ვხვდებოდი, `დავხეტიალებდით”. შარშან კი არანაირი ორიგინალური ახალი წელი არ გვქონდა. სამნი ვიყავით, გავედით ქალაქში შევხვდით ახალ წელს, შემდეგ შევედით რომელიღაც ბარში და ისე გავერთეთ. საერთოდ ძალიან მიყვარს ახალ წელს ქუჩის ატმოსფერო, ყველა ყველას ულოცავს, არავის აქვს შეჭმუხნული და მოღუშული სახე, ყველა იღიმება და ბედნიერია, რაც თავის მხრივ გადამდებია, ყველა სითბოს და სიხარულს უზიარებს ერთმანეთს. ასე რომ, ყოველთვის მირჩევნია ქუჩაში შევხვდე ახალ წელს, მივულოცო ხალხს და მათგანაც მივიღო მილოცვები.

_ვინ რთავს ნაძვის ხეს თქვნ ოჯახში?
(დაფიქრდა) არ ვიცი, მართლა არ მახსოვს... მე ნამდვილად არა. საახალწლო სამზადისში არანაირად არ ვარ ჩართული.
_ყოფილხართ თუ არა მეკვლე, როგორც თქვენს, ასევე სხვის ოჯახში?
კი ვიყავი. ერთ წელს `ბროლიას” ისტორია დამემართა. სამ ოჯახში ვიყავი მეკვლედ. ერთ ოჯახში გოგონა გათხოვდა, მეორეში ბიჭმა მოიყვანა ცოლი, მესამეს კი საკმაოდ წარმატებული წელი ჰქონდა _ კარიერული თვალსაზრისით. მეორე წელს პრინციპულად ითხოვდნენ ჩემს მეკვლეობას, ერთ ოჯახში დამპატიჟეს და წარმატების შემთხვევაში კარგ საჩუქარს დამპირდნენ. მთელი წელი დავდევდი ამ ოჯახის წევრს “ჰე, ბიჭო მოიყვანე ცოლი-თქო”, მაგრამ გაგიგონია? არ დაადგა საშველი და დავრჩი ასე საჩუქრის გარეშე...

_საუკეთესო ახალი წელი თქვენს ცხოვრებაში და რატომ იყო ის გამორჩეული?
არ ვიცი... ყველა ახალი წელი არის ჩემთვის ძველი წელის დასრულება და ახლის დაწყება... ცუდად მახსენდება ის წლები, როცა ვსვამდი. იმიტომ რომ მეორე დღეს თავი საშინლად მტკიოდა. ახლა როცა აღარ ვსვამ, ყველაფერი კარგადაა.

_აგხდენიათ თუ არა ახალ წელს ჩაფიქრებული სურვილი და თუ საიდუმლო არ არის, რას ინატრებთ წელს?
აქამდე მეგონა, რომ მარტო ვარსკვლავების მოწყვეტის დროს უნდა ჩამეფიქრებინა სურვილი. ახალ წელსაც თუ იყო საჭირო არ ვიცოდი. აწი მეცოდინება და აუცილებლად ჩავიფიქრებ, ოღონდ რას, ჯერ არ ვიცი...

_ვინ იყო საქართველოში `2008 წლის ადამიანი” თქვენთვის?
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უდიდეს გამოცდას გაუძლო. გადაიტანა რამდენიმე არჩევნები და რაც მთავარია - ომი.

_დაასახელეთ ერთი ფაქტი, რომელმაც გაგახარათ და გული დაგწყვიტათ 2008 წელს?
გამიხარდა ლაშა ჟვანიას დამაჯერებელი გამარჯვება, რომლის საარჩევნო შტაბშიც, ჩუღურეთის რაიონში, ვიყავი მე. ლაშამ ისეთი წარმატებით გაიმარჯვა, რომ მოწინააღმდეგემაც ღირსეულად აღიარა დამარცხება. სამწუხაროდ, როგორი დიდი უპირატესობითაც არ უნდა გაიმარჯვო, როგორც წესი, ოპოზიცია მაინც ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ შემთხვევაში კი, ოპოზიციამ გულწრფელად აღიარა ლაშას გამარჯვება.
ყველაზე მძიმე და მტკივნეული კი, რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს ომი იყო...

_რას უსურვებდით ახალგაზრდულ გაზეთ “თსუ თიმსს”. როგორ ხედავთ ახალგაზრდების როლს ქვეყნის აქტიურობის საკითხში?
“თსუ თაიმსს” პირველ რიგში გისურვებთ, რომ იყავით აქტიურები და თქვენი ახალგაზრდული შემართებით გააგრძელოთ საქმიანობა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან ვიყავი “თავისუფლების მოძრაობაში”, ამიტომაც ზუსტად ვიცი რა არის სტუდენტური ძალა და ენერგია. ყველა სიკეთე მოდის მომავალი თაობიდან. რამდენიც არ უნდა ვიწუწუნოთ ჩვენ, “ბებრებმა”, რომ ახალგაზრდობა გაფუჭდა, სინამდვილეში თქვენ ხართ უფრო ლაღები,  უფრო თავისუფლები და კარგები. გისურვებთ, რომ  დაძლიოთ ის პრობლემები რაც თქვენს წინაშე დგას. ჩემს თავს და საერთოდ ჩემს თაობას კი ვუსურვებ, რომ არ დაგვეტოვებინოს თქვენთვის ჩვენი გასაკეთებელი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვგულისხმობ.

ნანახია: 990 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz