მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » `თანდათანობით ვძლევთ იმ დიდ ნოსტალგიას, რომელიც ნაადრევადაც კი მოგვაწვა”
`თანდათანობით ვძლევთ იმ დიდ ნოსტალგიას, რომელიც ნაადრევადაც კი მოგვაწვა”
10:08 PM
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როცა გავიგე რომ გამოცხადდა კონკურსი ლატვიის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე, მაშინვე შევუდექი ყველა საჭირო საბუთის შეგროვებას, რომელიც უნდა წარმედგინა. წარდგენის შემდეგ ველოდი პასუხს, რომელიც ორ კვირაში უნდა მოსულიყო, თუმცა თითქმის ერთი თვე დააგვიანდა. აღარც კი ველოდი პასუხს, სრულიად შემთხვევით ჩემი მეგობრისაგან შევიტყვე, რომ ვირიცხებოდი ლატვიის უნივერსიტეტში მაგისტრანტად. საუბარი იმის შესახებ, თუ რა მოგვცა უცხოურმა გარემომ, ვფიქრობ ნაადრევია, მხოლოდ ერთი თვეა რაც აქ ვიმყოფები, მაფრამ ეს პერიოდი საკმარისია გქონდეს ჩამოყალიბებული შეხედულება: ძნელია შეადარო აქაური – უცხოური და ჩვენი – ქართული სწავლების დონე. ჩვენთან სირცხილადაც კი ითვლება, თუ ადამიანს მხოლოდ საშუალო განათლება აქვს, აქ კი ჩვეულებრივი მოვლენაა. სწავლების დონე, ვფიქრობ, რომ არანაკლებია ჩვენს უნივერსიტეტშიც, კერძოდ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, მაგრამ სწავლების დონე ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ არის არაჯეროვანი. სწავლას მოწადინებული და მოსურნე ყოველთვის ახერხებს ცოდნის მიღებას და სრულებითაც არ არის საჭირო ამისათვის უცხოეთში წასვლა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკის წყალობით, თუ უცხოური დიპლომი არ გაქვს, სამსახური ძნელად მისაღწევია, 90 წლის ისტორიის მქონე უნივერსიტეტის დიპლომზე უფრო ღირებული, ხშირ შემთხვევაში უცხოური სერთიფიკატებია. აქ, ლატვიაში, ჩვენი ჯგუფი არის ინტერნაციონალური, უმრავლესობას ქართველები წარმოვადგენთ. ჩვენთან ერთად სწავლობენ: თურქი, აზერბაიჯანელი, რუსი, რუმინელი, ამერიკელი და მკვიდრი ლატვიელი სტუდენტები, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა არა ისეთი თბილი და მეგობრული, როგორც ქართველ სტუდენტებს ჩვევიათ ხოლმე. რაც შეეხება ცნობად ლექტორებს - შემიძლია დაგისახელოთ პროფესორები: ბატონი ბერლინი და ქალბატონი ტატიანა მურავსკა, ეს უკანასკნელი პირადად გვიკითხავს ლექციებს. ისინი ისეთივე ავტორიტეტით და პოპულარობით სარგებლობენ უნივერსიტეტსა და სტუდენტებს შორის, როგორც ჩვენს უნივერსიტეტში და ზოგადად საქართველოში ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე, მზექალა შანიძე, გრივერ ფარულავა, რეზო სირაძე, ვალერი სილოგავა და სხვები.
ლატვიაში მყოფი ქართველი სტუდენტები, გართობის მიზნით, თავისუფალ დროს, ხშირად დავდივართ სხვადასხვა დისკო-კლუბებსა და კაფე-ბარებში, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. Mმინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქართველები, აქაურ რუსებთან (მოსახლეობის 50%) ძალაინ თბილი და კარგი ურთიერთობა გვაქვს, აღარაფერს ვიტყვი ლატვიელ მოსახლეობაზე. მართალია, გვიჭირს უცხოურ გარემოსთან შეგუება, სულ სხვაა საკუთარი ქვეყანა და ხალხი, მაგრამ თანდათანობით ვძლევთ იმ დიდ ნოსტალგიას, რომელიც, ვფიქრობ, ნაადრევადაც კი მოგვაწვა. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ახალი წელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, ჩვენ სულიერ მამას, სრულიად საქართველოს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ თითოეულ ქართველს, თქვენი გაზეთის რედკოლეგიას, ჩემს უნივერსიტეტს, უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელს, საყვარელ პროფესსორ-მასწავლებლებს, რომლებიც თავდაუზოგავად იღვწოდნენ იმისათვის, რომ ვყოფილიყავი განათლებული, ერუდირებული, ძლიერი, პირველი და წარმატებული, ჩემს მეგობრებს და ყველა ნამდვილ უნივერსიტეტელს, განსაკუთრებული სიყვარულით კი მინდა მივულოცო ჩემთვის და ყველა სტუდენტისთვის ძვირფას ადამიანს, ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძეს. მრავალ შობა-ახალ წელს. საქართველო, ჩვენი ხმაც ისმინე...